გეოპოეტიკის კონცეპტი და ვეფხისტყაოსნის ტექსტ-სივრცე

Main Article Content

თამთა გრიგოლია

ანოტაცია

1960-იანი წლებიდან დასავლურ აზროვნებაში უკვე ფართოდ დომინირებს რეფლექსიები სივრცის, როგორც კატეგორიის შესახებ. ეს მიმართულება ხშირად წარმოდგენილია spatial turn-ის სახელით (სივრცული შემობრუნება/შემოტრიალება), რაც სივრცესთან დაკავშირებულ უამრავ მოსაზრებას აერთიანებს. სივრცე არის ის უმთავრესი კომპონენტი, რომლითაც ხდება ტექსტის ფორმირება, სივრცის მიხედვით განისაზღვრება შინაარსობრივი მხარე, პერსონაჟთა ხასიათები, მეტაფორები და ა.შ.


სივრცის შესწავლის ერთ-ერთი თანამედროვე ჰუმანიტარული კონცეპტია გეოპოეტიკა, რომელიც იკვლევს კულტურის და პირველ რიგში, შემოქმედებითი პროცესების ზემოქმედებას ადამიანური სამყაროს სტრუქტურიზაციაზე. გეოპოეტიკის იდეა და კონცეპტი ეკუთვნის შოტლანდიელ ფილოსოფოსსა და მკვლევარს ქენეთ ვაითს (Kenneth White). ვაითის მიხედვით, გეოპოეტიკა იწყება იქ, როცა რაღაცის შესაძლებლობას ვუშვებთ. მისგან განსხვავებით, გეოპოლიტიკა მიემართება რეალურ სივრცეს. მას აინტერესებს ძალაუფლებრივი ურთიერთობები გლობალური მასშტაბის ქალაქებსა და სახელმწიფოებს შორის. გეოპოეტიკა კი უფრო ღრმა და რადიკალური ინიციატივაა. კიდევ უფრო რომ დავაზუსტოთ, გეოპოეტიკა არის რეალური სივრცის
„ახლიდან დაწერა“. შეიძლება ტექსტში გადატანილი იყოს რეალური სივრცე ან რეალური, მაგრამ კონკრეტული ადგილისათვის არადამახასიათებელი შტრიხებით, გადამუშავებული სახეებით, რაც აღარ არის რეალურის იდენტური. ტექსტი ამ შემთხვევაში შეიძლება განვიხილოთ როგორც სამყაროს ალტერნატიული რუკა. გეოპოეტიკის ერთ-ერთი გამოხატულებაა ტერიტორიების კულტურული თვითდამკვიდრება, რასაც ე.წ. „გეოპოეზისის“ სახელით მოიხსენიებენ ხოლმე. ამის გამოხტულებაა მწერალთა მიერ ქალაქებისა და დედაქალაქების სასურველ ადგილას წარმოსახვა ტექსტის ფარგლებში, ანუ ვიღებთ ე.წ. ტექსტუალურ სივრცეებს, სივრცე-ტექსტებს.


ვფიქრობ, აღნიშნული მიმართულებით ვეფხისტყაოსნისეული სივრცის ანალიზი, კერძოდ, იმის შესწავლა, თუ რომელ კონტექსტში რა დატვირთვა აქვს ამა თუ იმ სივრცეს და შემდგომში რა როლს ასრულებენ ეს სივრცეები მთლიანი სიუჟეტის შექმნის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იქნება არა მარტო რუსთველოლოგიისათვის, არამედ, ზოგადად, ქართული ლიტერატურათმცოდნეობისათვის, თანამედროვე მსოფლიოში ვეფხისტყაოსნის საერთაშორისო ლიტერატურათმცოდნეობით დისკურსში უფრო აქტიურად დასამკვიდრებლად.

საკვანძო სიტყვები:
გეოპოეტიკა, ქენეთ ვაითი, სივრცის თანამედროვე თეორიები, ტექსტ-სივრცე, ვეფხისტყაოსანი
გამოქვეყნებული: Aug 30, 2020

Article Details

სექცია
კვლევები: ქართული ლიტერატურა