შოთა რუსთველის ვეფხისტყაოსნის ორი ტაეპის ანალიზი ინგლისურ თარგმანებთან მიმართებაში
Main Article Content
ანოტაცია
შოთა რუსთველის ვეფხისტყაოსნის ტექსტის შესწავლა, პირველ ყოვლისა, მისი შინაარსის მაქსიმალურად მართებულ ინტერპრეტაციას გულისხმობს. ტექსტის შინაარსის მეცნიერულ შესწავლასთან ერთად, მისი ინტერპრეტაციის უტყუარ ფაქტად რჩება ასევე ნაწარმოების თარგმანი, რაც თარგმანის კრიტიკული ანალიზის საჭიროებას განაპირობებს. ვეფხისტყაოსნის თარგმანები ძირითადად ეყრდნობა კვლევას, რომელიც მისი შესრულების დროისთვის არის მოპოვებული რუსთველოლოგიაში.
პირველი რუსთველოლოგი, ვახტანგ მეექვსე, აცხადებდა, რომ მასზე ბევრად ადრე, მრავალნი ცდილან პოემის „თარგმანებას“, ანუ განმარტებას, ე. ი. მის ეთიკურ-ფილოსოფიურ ინტერპრეტაციას. შესაბამისად, მეტად მნიშვნელოვანია პოემის თარგმანების ჭრილში განხილვამდე ისეთი საკითხების დადგენა, რომელთა გარკვევას რუსთველოლოგები საუკუნეების მანძილზე წარმოებული კვლევებით ცდილობდნენ და ცდილობენ დღემდე, და ცხადია, რომ ამა თუ იმ უცხოური თარგმანის სიავკარგის განსაზღვრა მხოლოდ ქართული ტექსტის მნიშვნელობისა თუ განმარტების დადგენის საფუძველზე არის შესაძლებელი.
სტატიაში განვიხილავთ ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთი საფუძვლის, ნეოპლატონიზმის მოძღვრების ასახვას პოემაში, ერთი სტროფის მაგალითზე. ნეოპლატონიზმის სწავლება სამყაროს ერთიანობის შესახებ გულისხმობდა ღმერთის და ადამიანის გაიგივებას, და ბოროტების, როგორც სუბსტანციის, არ არსებობის აღიარებას, რაც საანალიზო ტექსტის ძირითად არსს წარმოადგენს.
აღნიშნული შინაარსის შემცველ ტაეპებს რუსთველთან 1492-ე სტროფში (1957 წ. გამოცემა, ა. ბარამიძის, კ. კეკელიძისა და ა. შანიძის რედაქციით) ვხვდებით:
„ამ საქმესა დაფარულსა ბრძენი დივნოს გააცხადებს:
ღმერთი კარგსა მოავლინებს და ბოროტსა არ დაბადებს...“
რუსთველის ზემოაღნიშნულ სტროფს სტატიის ფარგლებში განვიხილავთ პოემის ოთხ ინგლისურენოვან თარგმანთან შეპირისპირებით, რომელიც შეასრულეს მ. უორდროპმა, რ. სტივენსონმა, ვ. ურუშაძემ და ლ. კოფინმა (სტატიაში არ არის განხილული ქ. ვივიანის თარგმანი, რადგან მთარგმნელს აღნიშნული სტროფი გამოტოვებული აქვს თარგმანში).
საანალიზო სტროფის განხილვა ინგლისურენოვანი თარგმანების კონტექსტში მიზნად ისახავს იმის დადგენას, თუ როგორ მოხდა ნეოპლატონისტური ფილოსოფიური იდეის გადატანა თარგმანში, რაც მეტად მნიშნველოვანია კონკრეტული პასაჟის ადეკვატურად თარგმნის განსაზღვრისათვის.