ქართული ჰაგიოგრაფიის ჟანრული შედგენილობა და პარადიგმული სისტემა

Main Article Content

ნინო პოპიაშვილი

ანოტაცია

ქართული მწერლობა მრავალსაუკუნოვან ტრადიციას ქმნის, რომელსაც წინ უძღვის ფოლკლორული და მითოსური აზროვნება და მსოფლმხედველობა. იმ დროისათვის, რომელი პერიოდიდანაც ქართული ლიტერატურული ძეგლები მოგვეპოვება, ქართული ენა უკვე ჩამოყალიბებული სამწერლო ენაა, რომელშიც სრულფასოვნად აისახება მხატვრული სახეები, ლიტერატურული არქეტიპები და მოდელები.


ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბება უშუალო კავშირშია ქართული ლიტერატურის განვითარებასთან. ის ფაქტი, რომ უძველესი ქართული ლიტერატურის ძეგლები უკვე ამჟღავნებს ენობრივი და ლიტერატურული ნორმების სტრუქტურულობას, მიანიშნებს, რომ ქართული მწიგნობრული ენა უძველეს ხანაში ფორმირდებოდა.


ქართული ლიტერატურის პირველი ტექსტები დასრულებული ლიტერატურული ნაწარმოებებია, რომელთაც გააჩნიათ თავიანთი სტრუქტურა, ასახვის თავისებურებები, მოდელები და პარადიგმები, რაც ჰაგიოგრაფიული დარგის ძირითად პრინციპებს იცავს და ასახავს. ჰაგიოგრაფიული მოდელის კვლევისას უნდა აღინიშნოს ისიც, რომ როგორც მოდელები, ისე მწერლის ენა სტანდარტიზებული და ნორმირებულია, რადგან დადგენილი და ნორმირებულია როგორც სიუჟეტური განვითარება, ისე – ენობრივი გამომსახველობა. მასში კონკრეტული ფორმულირებებით, სტერეოტიპებად ქცეული ენობრივი კლიშეებით ვითარდება თხზულების სიუჟეტური ხაზი და ასევე იკვეთება მთავარი გმირის სახე.


ქართული ჰაგიოგრაფიული მწერლობის მოდელზე მსჯელობისას ძირითადად გამოიყენებოდა ორგვარი დეფინიცია: „მარტვილოლოგია“, ანუ „წამებანი“ და „წმინდანთა ცხოვრება“, ანუ „ცხოვრებანი“. თუმცა, ქართული ჰაგიოგრაფიის მოდელის კვლევისას მნიშვნელოვანია, აგრეთვე, ეთნიკური, რელიგიური და გენდერული საკითხების განხილვაც. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ როგორც „ცხოვრებანის“, ისე „წამებანის“ მთავარი გმირები ეთნიკურად ქართველებიც არიან და უცხოელებიც. მაგალითად, ქართველები არიან ილარიონ ქართველი, გრიგოლ ხანძთელი, იოანე და ექვთიმე მთაწმინდელები, გიორგი მთაწმინდელი და სხვ. ხოლო უცხოელებს შორის შეიძლება დავასახელოთ წმინდა ნინო, ევსტათი მცხეთელი, ცამეტი ასურელი მამა, აბო თბილელი და სხვ.


გენდერული ნიშნით დაჯგუფების შემთხვევაში, ქართული ჰაგიოგრაფიაში, როგორც „ცხოვრებათა“, ისე „წამებათა“ ჟანრებში, აღწერილია ქალ და მამაკაც წმინდანთა ცხოვრება და მარტვილობა. ამასთან, გენდერული და ეთნიკური ჯგუფების მიხედვით შესაძლებელია ვიმსჯელოთ ქართული ჰაგიოგრაფიის როგორც „ცხოვრებათა“, ისე „წამებათა“ ჟანრებზე.


მარტვილოლოგიურ ჟანრში შესაძლებელია მსჯელობა გმირის ეთნიკური კუთვნილებაზე, ასევე, კონფესიურ საკითხზე, კერძოდ, დაბადებით ქრისტიანებზე და ახლადმონათლულ გმირებზე. ასევე, შესაძლებელია დაჯგუფება როგორც ჟანრობრივი და თემატური პარადიგმების გათვალისწინებით (როგორებიცაა „ცხოვრებანი“ და „წამებანი“), ასევე ეთნიკური, რელიგიურ-კონფესიური და გენდერული ასპექტების მიხედვით.


ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების ჟანრობრივი და თემატური შედგენილობა იცნობს როგორც ზოგადჰაგიოგრაფიულ, ისე ეროვნულ თემებსა და მოტივებს. ქართულ ჰაგიოგრაფიაზე დაკვირვება გვაჩვენებს, რომ იგი, როგორც ჩვენამდე მოღწეული ქართული ლიტერატურის დასაწყისი, ასახავს ფოლკლორული და მითოსური მსოფლმხედველობის თავისებურებებს, ასევე, ენობრივი ნორმების განვითარებასა და სტანდარტიზაციას, ამასთან ერთად, ქართულ ჰაგიოგრაფიაში ასახულია აღმოსავლეთ და ბიზანტიურ ადრექრისტიანულ ლიტერატურასთან ურთიერთობის გამოცდილება, ჰაგიოგრაფიული პარადიგმული სისტემის ზოგადქრისტიანული და ნაციონალური მოდელები. მათ შორის, უცხოელთა პროზელიტიზმის ასახვის თავისებურებები, რომელიც ქმნის ჰაგიოგრაფიის არსებულ მოდელში ნაციონალურ თავისებურებას და ემყარება სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებას.

საკვანძო სიტყვები:
ქართული ჰაგიოგრაფია, ჰაგიოგრაფიის ჟანრული შედგენილობა, ჰაგიოგრაფიის პარადიგმები
გამოქვეყნებული: Aug 30, 2020

Article Details

სექცია
კვლევები: ქართული ლიტერატურა