ქართულ ხელნაწერებში დაცული ცნობები ფერარა-ფლორენციის კრებაზე
Main Article Content
ანოტაცია
ფლორენციის კრება იყო უმნიშვნელოვანესი მოვლენა არა მარტო ქრისტიანული სამყაროსთვის, მან შეცვალა მსოფლიოს პოლიტიკური წესრიგი, მათ შორის საქართველოსიც. ეს აისახა ქართულ რეალობაზეც და ლიტერატურულ ცხოვრებაზეც. ქართულ ხელნაწერ ფონდში დაცულია ხელნაწერები, რომლებშიც აღწერილია და ასახული ფლორენცია-ფერარას კრება. ძირითადად ეს ხელნაწერები ანტიკათოლიკური პოლემიკური შინაარსისაა და ყველა მათგანი XVIII ს-ით თარიღდება. უპირველესად უნდა აღინიშნოს თხზულება „ფლორენციის კრება“. შემორჩენილია ხელნაწერის ორი ნუსხა: 1. A-1443 და 2. Q-1391. ფლორენციის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებებისა და განხილული თეოლოგიურ-დოგმატური საკითხების საპასუხოდ დაუწერია ბესარიონ ორბელიშვილს „გრდემლი“, როგორც თავად აღნიშნავს შესავალში. ბ. ორბელიშვილის „გრდემლი“ ვრცელი ანტიკათოლიკური პოლემიკური თხზულებაა, ტრაქტატია. ის XVIII სის პოლიტიკური და სოციალური შინაარსის ლიტერატურული პროდუქტია. გრდემლის არსობრივ გაგრძელებას წარმოადგენს ანტონ კათალიკოსის „მზამეტყველება“. ანტონ კათალიკოსი „მზამეტყველების“ ანტიკათოლიკურ პოლემიკურ ნაწილს სწორედ ფლორენციის კრების მნიშვნელობის მიმოხილვით იწყებს და ამთავრებს.