„ვეფხისტყაოსნის“ ერთი ტმესირებული სტრიქონის გააზრებისათვის

ავტორები

  • ინგა სანიკიძე ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ასოცირებული პროფესორი

საკვანძო სიტყვები:

„ვეფხისტყაოსანი“;, „ვეფხისტყაოსნის“ სტრიქონი;, ტმესი;, მსოფლმხედველობა

ანოტაცია

ჩვენი ყურადღება მიქცეულია „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი ცნობილი მონაკვეთის − დავარის ეპიზოდის − საფინალო სტროფისაკენ, რომელიც ფარსა- დან მეფის დის თვითმკვლელობის სცენას ეხება [„დანა დაიცა, მო-ცა-კვდა, დაეცა გასისხლმდინარდა“]. ტმესირების ეს შემთხვევა, ჩვენი აზრით, პოეტის მსოფლმხედველობის ერთ-ერთი მდგენელია და მისსავე მოქალაქეობრივ შეხე-დულებას აცხადებს, ამიტომ ამ შემთხვევაში ტმესი, როგორც ენობრივი სამკაუ- ლი, მხოლოდ ემპირიულ მოცემულობად უნდა იქნეს აღქმული. ნაკლებად სადა- ვოა ის, რომ ზმნის განკვეთა თავისი არსით ენის გამხატვრულების საშუალებაა. აქედან გამომდინარე, ზმნურ ფორმათა ტმესი მხატვრული პროდუქტი მოჩანს და მისი დაბადების ადგილი სასაუბრო მეტყველების პლასტი არ უნდა იყოს.

რაც შეეხება „ვეფხისტყაოსნის“ ამ კონკრეტულ სტრიქონს, ის, თავის მხრივ, პოეტური რითმითა და გამეორების მხატვრული საშუალებით გადაჯაჭვუ- ლია წინარე სტრიქონებთან [„ესე წყრომა მეფისაგან ვისცა ესმა, ვინცა იცის, / მან უამბო დავარ ქაჯსა, ვინ გრძნებითა ცაცა იცის“ ], რაც საშუალებას გვაძლევს -[მ]ცა ნაწილაკი ომონიმურ მოცემულობად გავიაზროთ. ც ფონემა განსახილველ შემთხვევაში საგულდაგულოდ სელექცირებული მოჩანს, მის იდეოგრამულ ხასიათზე კი ანბანური სახელწოდება „ცან“ მიგვანიშნებს. ფაქტია, რომ ც’ს ალიტერაციისას რუსთველის მხატვრულ-ენობრივი ხედვა ცისაკენაა

მიიქცეული [„ცაცა იცის“]. მიმართულების ეს ვექტორი ვერტიკალურია და დავა- რის ზენა არსისაკენ სწრაფვასა თუ მასთან ზიარებაზე უნდა მიგვანიშნებდეს.

უფრო კონკრეტულად – რასთან გვაქვს საქმე, როცა რუსთველი დავარის თვითმკვლელობის სცენის დასკვნით ტაეპში [„მო-ცა-კვდა“] ცა’ს გამოიყენებს და ტმესირებულ ზმნაში მას ტრადიციული ბუნებრიობით განათავსებს? ვფიქ- რობთ, რომ პოეტის მიზანი ნაკლებად წარმოიდგინება მხოლოდ დავარის მოკვდინების გაძლიერებით [„მო-ცა-კვდა“ – „მოკვდა კიდეც“]. რუსთველის სათქმელი გაცილებით ღრმაა და პოეტურად დაფარული. ჩვენი აზრით, ზეცის შემმეცნებელი ქალის სამშვინველი ხორციელი კვდომის შემდეგ ცად მიიწევს, ანუ ჩვენეული წაკითხვით ის ცასვე უბრუნდება [*მო-ცად-კვდება]. ციდან მოსუ- ლი სიბრძნე ცამვე უნდა მიიბაროს, ეს ურთიერთმიმართება კი ისეთივე რკა- ლურია, როგორც თავად ც გრაფემა ასომთავრულ და მხედრულ ანბანებში. ვფიქრობთ, დავარის მონაკვეთის ამგვარი წაკითხვა ჩვენ წინაშე რუსთველის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მსოფლხატს ძერწავს.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-09-01

გამოცემა

სექცია

ვეფხისტყაოსნის კომენტირებისთვის